ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცის გეგმა განიხილეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს , 28+1 ფორმატის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მოკავშირეებს გეგმის დეტალები გააცნო. დოკუმენტი საქართველოს თავდაცის სამინისტრომ ნატო-ს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შეიმუშავა.
ნატო-მ ქართული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა მოიწონა და სრული მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად ჩაერთოს არსებითი პაკეტის დროულად და ეფექტურად განხორციელებაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გეგმით განსაზღვრული ელემენტების შესრულება დააჩქარებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო გააძლიერებს ალიანსთან თავსებადობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთახმების პროექტზე. ქართულმა მხარემ მოკავშირეებს სრული ინფორმაცია მიაწოდა არსებული ვითარების შესახებ და ნატო-ს რეაგირებისკენ მოუწოდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ალიანსის წევრი ქვეყნების, საერთაშორიო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებთან.