ჩვენ უმაღლესი დონის ქართულ-რუსული შეხვედრის ჩატარებას მხარს ვუჭერთ, თუმცა ეს დეტალურ მომზადებას საჭიროებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი პესკოვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
ზურაბ აბაშიძე იზიარებს პესკოვის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უმაღლეს დონეზე ქართულ-რუსული შეხვედრის ჩასატარებლად ვითარება უნდა მომწიფდეს.
"ვიზიარებთ ბატონ პესკოვის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უმაღლეს დონეზე ქართულ-რუსული შეხვედრის ჩასატარებლად ვითარება უნდა მომწიფდეს და საჭიროა შესაბამისი გარემოს შექმნა. ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ მხარს ვუჭერთ ამგვარი შეხვედრის გამართვას, რომელიც საჭიროებს სერიოზულ და დეტალურ მომზადებას, რათა იგი იყოს წარმატებული და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობათა დარეგულირებას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა გუშინ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრისთვის ვითარება უნდა მომწიფდეს, გაჩნდეს პოლიტიკური ნება და შესაბამისი გარემო შეიქმნას. კონკრეტულ სიგნალს კი მოსკოვი თბილისისგან ელოდება.