დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის და საქართველოს პირველი პირების არანაირი შეხვედრა ამ ეტაპზე არ განიხილება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი პესკოვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ის, რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე სიგნალს საქართველოსგან ელოდება.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო ორი წლის განმავლობაში არ უმუშავია საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების პირების შეხვედრაზე. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრები იგეგმება და ხორციელდება დიპლომატიური არხებით, ხოლო საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს.
"არც ერთი ნოტა, არც ერთი საინფორმაციო ფურცელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან შვეიცარიის საელჩოს გავლით არ გასულა. ასე რომ, ჩემთვის უცნობია, რა სახის შეხვედრაზეა საუბარი. იყო გარკვეულწილად ამაზე საუბრები, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტს შესაძლო შეხვედრის შესახებ. ამის იქეთ ეს საკითხი არ წასულა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი შეხვედრა გაიმართება, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს.
"ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზულად მომზადებული და ამ შეხვედრამ რაღაც შედეგი მაინც უნდა დადოს", - განაცხადა ზალკალიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური თემა; რუსეთის მხრიდან საქართველოს კონსტრუქციულ ნაბიჯებს, სამწუხაროდ, პოლიტიკური მიმართულებით საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყოლია და ასეთ საკითხებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ "ტელეიმედს" განუცხადა, რომ სიგნალს საქართველოსგან ელოდება.
"ვითარება უნდა მომწიფდეს, გაჩნდეს პოლიტიკური ნება და შესაბამისი გარემო შეიქმნას. მეტი მოთმინება გვმართებს. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ სიგნალს თბილისისგან. თქვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი პოლიტიკური ნება. პრეზიდენტმა კი თავისი სათქმელი უკვე თქვა. პუტინმა გასაგებად განაცხადა, რომ თუ საქართველოს მხრიდან მიიღებს სიგნალს, შეხვედრა შედგება", - აღნიშნა პესკოვმა.