რუსეთი, სამწუხაროდ, რჩება საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ და ჩვენ ამ საფრთხეს უნდა გავუმკლავდეთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობები უნდა მოგვარდეს არა ჭორაობით, არამედ სახელმწიფო სოლიდური ქმედებით.
"კვირაში ერთხელ ვანო მაჭვარიანი რაღაც ახალ თემას რომ გამოიტანს მერე მთელი მთავრობა და პარლამენტი ამის კომენტირებით უნდა ვიყოთ დაკავებული? ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ქართულ-ებრაულისგან განსხვავებით, სამწუხაროდ ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს ორსაუკუნოვანი მეგობრობა. ახლო მეზობლებმა ეს ვერ მოვახერხეთ. როგორც ჩანს, ურთიერთობების მოწესრიგება მომავალი საუკუნეების ამბავია, ამ საუკუნის შუაწელში შესაძლებელია ურთიერთობები გამოსწორდეს, მაგრამ არა - ძალიან მალე. რუსეთი, სამწუხაროდ რჩება საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ და ჩვენ ამ საფრთხეს უნდა გავუმკლავდეთ. არა ჭორაობით, არა გუშინდელი მოგონილი ამბებით, რომელზეც 3დღიანი კომენტარებია, არამედ სახელმწიფოებრივი სოლიდური მოქმედებებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.