იაპონიაში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

იაპონიაში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტოკიოდან იუწყება, ქვეყნის პირველი პირი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საკუთარი მრჩევლების, უშიშროების საბჭოს მდივნის, რამდენიმე დეპუტატისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

გიორგი მარგველაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საგარეო საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მინორუ კიუჩისთან აეროპორტშივე გამართა. 

გარდა ამისა, 5-დღიანი ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს, მათ შორის ბიზნეს თანამშრომლობის ორგანიზაციის "Rotobo"-ს პრეზიდენტ ტაკაში ნიშიოკასთან. შეხვედრა 15 მსხვილი იაპონური კომპანისა და ქართველი საქმიანი წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება. 

ასევე, დღის განმავლობაში დაგეგმილია პრეზიდენტის აუდიენცია ჯერ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურ მდივან სადაკაზუ ტანიგაკისთან, აღნიშნულის შემდეგ კი იაპონიის სოფლის, მეთევზეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ ლოია ნიშიკავასთან.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის ეროვნულ პრესკლუბს ეწვევა, ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს კი გიორგი მარგველაშვილი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ტოკიოს ღირსშესანიშნაობების გაცნობით დაასრულებს. ქვეყნის პირველი პირი დღეს კუნძულ "ოდაიბას" დაათვალიერებს. 

საქართველოს პრეზიდენტს ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საკითხებში მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დახვდა.
გიორგი მარგველაშვილი იაპონიაში 5 დღიანი ვიზიტით, მეუღლესთან ერთად იმყოფება.