ჩვენ მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიტუს კორლეცეანმა ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"რუმინეთის მთავრობის სახელით მინდა დავაფიქსირო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მყარი და უცვლელი მხარდაჭერა. ის ფაქტი, რომ რუსეთი ცდილობს წარმატების მიღწევას გაყინული კონფლიქტების სფეროში, გასაკვირი არ არის. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ", - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიტუს კორლეცეანმა.
ტიტუს კორლეცეანის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის ახალი შეთავაზება საქართველოს ოკუპირებული რეჟიმის მიმართ. მისი თქმით, შეხვედრაზე სწორედ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების კონტექსტში განიხილეს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას უკავშირდება.
ტიტუს კორლეცეანმა მოუწოდა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, მიბაძონ რუმინეთის მაგალითს და დროზე მოახდინონ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. "ჩვენ მხარს ვუჭერთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებას, რათა ის რაც შეიძლება მალე გადავიდეს მეორე ფაზაში და მიღწეულ იქნას საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი მიმოსვლის მიზანი. ეს რუმინეთის მთავრობის მკაფიო პოზიციაა და მე მას კიდევ ერთხელ ვადასტურებ", - განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესებით და სხვადასხვა მიმართულებით მთავრობის საქმიანობით.
ტიტუს კორლეცეანის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.