რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, ლვოვი კი - პოლონეთის ქალაქი და ამით ცდილობდა, პოლონეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩაეთრია.
"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და პოლონეთის სეიმის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ გამოცემა "Politico Magazine"-ს განუცხადა.
"პუტინს სურდა, პოლონეთს უკრაინაში ჯარები გაეგზავნა. ეს იყო ერთ-ერთი იმ წანადადებიდან, რომელიც პუტინმა პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკის მოსკოვში ვიზიტისას გააჟღერა. პუტინმა თქვა, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, ლვოვი კი - პოლონური ქალაქი და რატომაც არ გვეცადა ერთად ამ საკითხის მოგვარება. საბედნიეროდ, ტუსკმა არაფერი უპასუხა. მან იცოდა, რომ მისი სიტყვები იწერებოდა", - აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია აღიაროს უკრაინის, როგორც ცალკე სახელმწიფოს არსებობა და რომ ცალკე ეროვნება არსებობს. სიკორსკიმ გამოხატა შეშფოთება იმასთან დაკავშირებითაც, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, რუსეთის ჯარები ბალტიისპირეთსა და პოლონეთშიც შევლენ.