რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტის, "ეხო კავკაზას" რედაქტორის, დემის პოლანდოვის განცხადებით, რუსულ-აფხაზური შეთანხმების შედეგად, რუსეთ–საქართველოს საზღვარი, ფაქტობრივად, ენგურზე ჩნდება, - ამის შესახებ პოლანდოვმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "კავკასიური პალიტრის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
"რეაქცია აფხაზურ საზოგადოებაში განსხვავებული იყო. პირველი რეაქცია ძალიან მკვეთრი იყო და აცხადებდნენ, რომ ასეთი ტიპის დამამცირებელი დოკუმენტები აფხაზეთში აღარ უნდა მოდიოდეს. შემდეგ ცოტა დამშვიდნენ და თქვეს, რომ დოკუმენტზე მუშაობაა საჭირო. საერთო ჯამში, რეაქცია ნეგატიური იყო და დღეს არ ვიცნობ არც ერთ პოლიტოლოგს ან პოლიტიკოსს, რომელიც იტყოდა, რომ ეს დოკუმენტი უნდა მიიღონ იმ სახით, რაც შევიდა აფხაზეთის პარლამენტში", – აღნიშნა დემის პოლანდოვმა.
რაც შეეხება შეთანხმების შინაარსს, პოლანდოვის თქმით, ერთ–ერთი მიმართულებაა, რომ ფაქტობრივად მთელი ტვირთი საზღვრისა, რომელიც ფსოუზეა, ენგურზე გადადის და თითქმის გამოდის, რომ რუსეთ–საქართველოს საზღვარი ენგურზე ჩნდება. გარდა ამისა, მთელი რიგი კანონები უნიფიცირებული იქნება რუსული კანონმდებლობით.
"გასაგებია, რომ ასეთ პირობებში აფხაზეთი კარგავს იმ მინიშნებებსაც კი დამოუკიდებლობაზე, რომელიც მას აქვს. მთავარი საკითხი, რომელიც ამ შეთნხმებაში გაწერილი არ არის, მაგრამ იგულისხმება, ეს არის რუსული ინვესტიციების საკითხი. ანუ, თუ უნიფიცირებული იქნება აფხაზური კანონმდებლობა რუსეთთან, მაშინ უნდა გაიხსნას უძრავი ქონების ბაზარი რუსი მომხმარებლებისთვის. ამასთან, გამარტივებული წესით გაიცემა აფხაზური პასპორტები რუსებზე და პირიქით", – განაცხადა პოლანდოვმა.
მისივე თქმით, ფსოუზე გადაადგილების სრული თავისუფლება არ აწყობთ აფხაზებს გამომდინარე იქიდან, რომ ამ საზღვარზე კონტროლი აფხაზეთს სჭირდება, ვინაიდან ეშინია რუსული პასპორტების მქონე ეთნიკური ქართველების შემოდინების.
რაც შეეხება იმას, თუ რაში სჭირდება რუსულ მხარეს ეს შეთანხმება, პოლანდოვი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მოსახერხებელი დროა, ვინაიდან აფხაზეთში შეიცვალა "ხელისუფლება", არ არის ოპოზიცია, რომელიც გააპროტესტებს მსგავს შეთანხმებას, ხოლო რუსეთს აქვს თავისი ეკონომიკური ინტერესები და სჭირდება საზღვრის გავლება ენგურზე, რომელსაც სრულად გააკონტროლებს. მისივე თქმით, თუ საქართველო გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ნატო–ს ბაზების განთავსების მხრივ, რუსეთი გამოიყენებს აფხაზეთის ფაქტორს ზეწოლის მიზნით.
"საქართველოს ახლა არ გააჩნია არანაირი შესაძლებლობა ივაჭროს, რადგან რუსეთი მხოლოდ ერთს ითხოვს – რუსეთს სჭირდება საქართველო, რომელიც არ მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით და ნატო-სკენ, არამედ მიდის ევრაზიული კავშირისკენ. საქართველო, როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ნათლად აჩვენებს, რომ არ აპირებს ვაჭრობას ამ მთავარი საკითხებით", – განაცხადა პოლანდოვმა.