საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებული მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და განვითარდეს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა მუზეუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს მნიშვნელოვანი თარიღი იწერება ქვეყნის ისტორიაში, კერძოდ, ახალ სიცოცხლეს იწყებს ებრაელთა მუზეუმი, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის სახელს ატარებს. პრემიერის თქმით, მისი აღდგენა და განახლება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა და მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რადგან, მისი თქმით, ამ მუზეუმის აღდგენის საქმეში ივანიშვილმა დიდი როლი ითამაშა და მთლიანად მისი დაფინანსებით მოხდა მუზეუმის აღდგენა.
"მისი ძალისხმევით მოხდა არაერთი ებრაული კულტურულ-რელიგიური ძეგლის აღდგენა საქართველოში. ეს ნათელი მაგალითია იმის, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ებრაელი ხალხისადმი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, 2014 წელი გამოცხადებულია ებრაულ-ქართული მეგობრობის საიუბილეო წლად და დღევანდელი შეკრება ადასტურებს იმას, რომ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მეგობრობას მტკიცე საფუძველი აქვს.
"ებრაელ და საქართველოს ხალხს მძიმე ისტორიები ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთისთვის არასდროს უღალატიათ. ერთად გადავიტანეთ ყველა ტკივილი და სიხარული. სწორედ საქართველოში დამკვიდრდა დღეს ყველასთვის ნაცნობი ცნება – ქართველი ებრაელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება მუზეუმის გახსნას, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა ღონისძიებას ესწრება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მინისტრები, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და ისარელიდან ჩამოსული სტუმრები