პარლამენტი მთავრობისგან რატიფიცირებისთვის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ კონვენციის წარდგენას ელის

პარლამენტი მთავრობისგან რატიფიცირებისთვის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ კონვენციის წარდგენას ელის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისა შესახებ" კონვენციის რატიფიცირების საკითხით და მასთან დაკავშირებული პროცესით დაინტერესდა.

როგორც უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკითხი, რასაც კონვენცია ეხება, დღითი დღე უფრო მწვავდება.

"მინდა ვიკითხო სტამბოლის კონვენციასთან დაკავშირებით – ჩვენ ქალთა ოჯახური ძალადობის შესახებ დოკუმენტი ხელმოწერილი გვაქვს. იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რადგან თემა დღითი დღე უფრო მწვავე ხდება. თუ რაიმე სამართლებრივი ბერკეტია, ჩვენს ხელთ არსებული გადაწყვეტილებები უნდა დავაჩქაროთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხად პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, ხელმოწერილი დოკუმენტი შიდა კანონმდებლობაში გარკვეულ ცვლილებებს და კანონების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას ითხოვს. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში, პარლამენტის მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კონვენციის მოთხოვნებს პასუხობს, რის გამოც შესაძლებელია პროცესი დაჩქარდეს.

"დღეს ევროსაბჭოს მდივანი ოფიციალურად გამოეხმაურა იმ სამწუხარო მოვლენას, რომელიც ილიას სახელობის უნივერსიტეტში მოხდა. ის დადებითად გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის ივნისში აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერა", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.