ჩვენ გადავცემთ ჩვენს დედაქალაქებს საქართველოს შეშფოთებას რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დიპლომატიურ კორპუსს გააცნეს ინფორმაცია "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების" შესახებ.
"ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ჩვენ, უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლებს მოგვეცა შესაძლებობა საქართველოში შეშფოთების შესახებ შეგვეტყო ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ გადავცემთ ჩვენს დედაქალაქებს საქართველოს შეშფოთებას. ამას გააკეთებს ყველა დიპლომატი, ვინც შეხვედრას ესწრებოდა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე თქმით, იგი, როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, კარგად აღიქვამს თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ შეთანხმებას ჟენევის ფორმატში. ამასთან, რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.