საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მზადების საკითხი ჟენევისა და პრაღის ფორმატებში არ განხილულა

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მზადების საკითხი ჟენევისა და პრაღის ფორმატებში არ განხილულა

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის,   ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით , საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მზადების საკითხი ჟენევისა და პრაღის ფორმატებში არ განხილულა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა, რამდენიმე თვის წინ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან საჯაროდ გაკეთდა განცხადებები და საქართველოს მხრიდანაც დადასტურდა შეხვედრისთვის მზაობა, მაგრამ შემდგომ არანაირი განხილვა, არანაირი მზადება ამისათვის არ ყოფილა.

"არც რუსეთს მოუმართავს რაიმე კონკრეტული წინადადებებით ამის თაობაზე, არც ჩვენი მხრიდან ყოფილა რაიმე განხილვა. ასე, რომ არც პრაღის ფორმატში, არც ჟენევაში არანაირი განხილვა ასეთი შეხვედრის მოსამზადებლად არ ყოფილა", - განაცხადა აბაშიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რის საფუძველზე აკეთებს მაჭავარიანი მსგავს განცხადებას, ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, რომ ეს ვანო მაჭავარიანს უნდა ჰკითხოთ. მისივე თქმით, არანაირი მზადება სამუშაო დონეზე არ ყოფილა.

"ჩვენ რუსეთის მხარეს ვხვდებით ორ ფორმატში, ან ჟენევაში ან პრაღაში. არც ერთგან ეს საკითხი შეხვედრის მზადების თვალსაზირისთ არ განხილულა", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, თუ ასეთი შეხვედრა შედგება, ამას სჭირდება ძალიან დეტალური და ძალიან სერიოზული მომზადება, რათა პოზიტიური შედეგები გამოიღოს.

ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.

როგორც ვანო მაჭავარიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის.

"ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის - შეერთებულ შტატებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.