სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში კვალიფიციური რეჟიმის ოფიცრის მოსამზადებელი პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო. სასწავლო პროგრამის დეტალებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გაეცნო. კახა კახიშვილი პროგრამის მონაწილეებს სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმაზე და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე - თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი საქმიანობის პრესტიჟულობის ზრდის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, - სამინისტროს ხელმძღვანელობა სისტემის რეფორმირებას გეგმავს და ამ ვითარებაში კიდევ უფრო გაძლიერდება სასწავლო ცენტრის როლი სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში.
„სამინისტროს აქვს ასეთი მიდგომა: თანამშრომელს ჯერ სათანადო პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მივაწოდოთ, ხოლო შემდეგ მოვთხოვოთ საკუთარი უფლებამოსილების კანონის ფარგლებში შესრულება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
პროგრამის მონაწილეები მესამე ეტაპზე, პატიმართა განსაკუთრებულ კატეგორიებთან დაკავშირებულ ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს, სასჯელაღსრულების სისტემაში სისხლის სამართლის დანაშაულის სპეციფიკას, საგანგებო სიტუაციების მართვასა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს შეისწავლიან. გარდა ამისა, დაეუფლებიან საოფისე პროგრამებს.
მონაწილეთა ადგილზე სწავლებას კოორდინირებას გაუწევენ სასჯელაღსრულების სისტემის ის თანამშრომლები, რომლებიც სასწავლო ცენტრში მენტორებად გადამზადდნენ.
მესამე ეტაპის დასასრულს მსმენელები გაივლიან 2 დღიან წინასაგამოცდო მომზადებას, რის შემდეგაც მათ ჩაუტარდებათ თეორიული ეტაპის შემაჯამებელი გამოცდა. 24 ნოემბრიდან სწავლების IV ეტაპი დაიწყება - პრაქტიკა სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებებში, სადაც მათ არ უწევთ მუშაობა.
თანამშრომელთა გადამზადება პენიტენციური სისტემის რეფორმის მნიშნელოვანი ნაწილია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 6-თვიანი სასწავლო კურსი 2014 წლის 4 აგვისტოს დაიწყო. პროგრამის მიზანია რეჟიმის კვალიფიციური ოფიცრის მომზადება. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“ მხარდაჭერით ხორციელდება.