დიპლომატიური არხებით საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მუშაობა არ მიმდინარეობდა

დიპლომატიური არხებით საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მუშაობა არ მიმდინარეობდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, არანაირი დიპლომატიური არხებით საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მუშაობა არ მიმდინარეობდა. ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც მთავრობის წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ თუ მაჭავარიანს რაიმე საქმიანობა ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობების ჩარჩოებს მიღმა, ეს მისთვის უცნობია. თუმცა, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების იქეთ მსგავსი შეხვედრის მომზადებაზე საქმე არ წასულა.

"ჩვენთვის ცნობილი იყო ის საჯარო განცხადებები, რომელიც გაკეთდა იმ პერიოდში. ამის იქეთ საუბარი არ წასულა. მოგეხსენებათ, რომ ვიზიტების ორგანიზება ძალიან სერიოზული საკითხია და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს ჩართული და დიპლომატიური არხების საშუალებით ხორციელდება ყველა საორგანიზაციო საკითხის შეთანხმება. რუსეთთან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ეს უნდა მომხდარიყო შვეიცარიის კონფედერაციის საშუალებით, არანაირი არათუ ნოტა, ოფიციალური წერილიც კი არ გაგვიგზავნია იმის იქეთ, რაც მოგახსენეთ, რომ იყო საჯარო განცხადებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვმუშაობდით ამ ვიზიტზე, თუ ვანო მაჭავარიანს რაიმე საქმიანობა ჰქონდა ამ დიპლომატიური ურთიერთობების ჩარჩოებს მიღმა, ეს ჩემთვის უცნობია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.

როგორც ვანო მაჭავარიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის.

"ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის - შეერთებულ შტატებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.