მინისტრების ნაწილი აცხადებს, რომ მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრის მზადებაზე არაფერი სმენიათ

მინისტრების ნაწილი აცხადებს, რომ მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრის მზადებაზე არაფერი სმენიათ

მინისტრთა კაბინეტის მოქმედი და ყოფილი წევრები პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმაურებიან , სადაც ვანო მაჭავარიანი გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მზადებაზე საუბრობს. მინისტრების განცხადებით, მათ ამის შესახებ არაფერი სმენიათ.

"რა სისულელეა, პირველად მესმის", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ.

საკითხს გამოეხმაურა შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

"მე ვერ ვიხსენებ, რომ ამ შეხვედრის ორგანიზების საკითხებში ჩართული ვყოფილიყავი, შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მზადებისა და მისი ჩაშლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ამჟამად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.

"არაფერი მსმენია არც შეხვედრის ორგანიზების შესახებ და არც მის ჩაშლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესა და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს.

"ინტერპრესნიუსი ასევე ესაუბრა დევნილთა ყოფილ მინისტრ დავით დარახველიძეს, რომელმაც აღნიშნა რომ პრეზიდენტების შეხვედრის მზადების შესახებ არ სმენია.

საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.

როგორც ვანო მაჭავარიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის.

"ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის - შეერთებულ შტატებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.