„ვღელავთ, რადგან ამ ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში, აფხაზეთი აფხაზების გარეშე დარჩება“

„ვღელავთ, რადგან ამ ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში, აფხაზეთი აფხაზების გარეშე დარჩება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და აფხაზების წინააღმდეგ ხელშეკრულების გაფორმება არ დაუშვას.

როგორც სესიაშვილმა პირველ პრესკლუბში განაცხადა, „რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა, მაშინ როდესაც თითქოს, არის ნორმალიზაციის ნიშნები და ხელისუფლება საკმაოდ კონსტრუქციულად მუშაობს რუსეთთან იმისათვის, რომ კვლავ ხელი შეეწყოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, დეოკუოპაციას“.

„მიუხედავად ამისა, ვხედავთ კრემლის მხრიდან მზაკვრულ გეგმას, რომელიც უმეტესწილად, აფხაზი ერის წინააღმდეგ არის მიმართული და ე.წ. დამოუკიდებლობას აუქმებს ეს ხელშეკრულება. ამ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აფხაზ ერს საკმაოდ მწვავე რეაქცია აქვს. ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს ხელშეკრულება რაიმე სამართლებრივ დოკუმენტს არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენ ვღელავთ და ვშფოთავთ იმის გამო, რომ ამ ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში, ფაქტობრივად, აფხაზეთი აფხაზების გარეშე დარჩება. მით უმეტეს, როდესაც საუბარია მიწის ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწის შეძენა შეეძლებათ. შორეულ პერსპექტივაშიც რომ ჩავიხედოთ, სავარაუდოდ, ეს არის გეგმა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარებაც შეიცვალოს“,- განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, „მალე აფხაზი ერი დარწმუნდება, რომ მათი რეალური მოკავშირე საქართველო უნდა იყოს და უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სადაც მათი უფლებები, კულტურა, ტრადიციები, იდენტობა მაქსიმალურად იქნება დაცული და რეალიზებული".

„რაც შეეხება ჩვენ სამოქმედო გეგმას, მას კონკრეტული უწყებები წარმოადგენენ. მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, ჩვენი პოზიციების კონსოლიდირება მოხდეს და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, ჩვენი კონტაქტები იმისთვის, რომ რუსეთზე მოვახდინოთ ზეწოლა და არ დავუშვათ აფხაზი ერის წინააღმდეგ ხელშეკრულების გაფორმება“,-განაცხადა სესიაშვილმა.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.