როგორც პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.
„ალანიასა და მეტრეველის მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც არაადამიანური მოპყრობის, ისე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში. შესაბამისად, განესაზღვრათ მათ სასჯელები. რაც შეეხება მერაბიშვილს, გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც სსკ 332-ე, ისე 141-ე მუხლების მიხედვით“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
რაც შეეხება სასჯელის ზომას და სიმკაცრეს, პროკურორის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, სასჯელის ზომას არ ითხოვს მთავარი პროკურატურა, ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს მოითხოვს. სასჯელის ზომას კი მოსამართლე განსაზღვრავს.
„ამდენად, მე მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, თუ რამდენად მკაცრი სასჯელი მიესაჯათ ბრალდებულებს, ან რამდენად იმსახურებდნენ ისინი მსუბუქ ან მძიმე სასჯელს, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ცემის ფაქტზე კი ვალერიან მეტრეველსა და გერონტი ალანიას თავისუფლების 4,6 წლით აღკვეთა.