"მოვუწოდებ შსს-ს და პროკურატურას, მაქსიმალურად გააკონტროლონ ამ ადამიანების პროვოკაციული ქმედებები"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის სახლთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო. ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მსგავს პროვოკაციებს და დესტრუქციულ ქმედებებს არ დაუშვებს.

პრემიერის თქმით, სახელმწიფოში მოქმედებს ძალიან მკაცრი კანონები და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.

"სადაც არ უნდა იყოს ის, დედაქალაქში, სოფელში თუ რაიონში, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებიც პირდაპირ გამომწვევად, დესტრუქციულად და პროვოკაციულად იქცევიან, ქვეყანაში არეულობა შექმნან. მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ თითოეული პოლიციელი 24 საათის განმავლობაში მძიმე შრომას ეწევა და როდესაც პროვოკატორი პოლიციელზე ხელს აღმართავს, ეს დასჯადი ქმედებაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს და პროკურატურას, მაქსიმალურად გააკონტრტოლონ ამ ადამიანების პროვოკაციული ქმედებები. ვინც არ უნდა იყოს ის, "ქართული ოცნების" თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი. ეს არის სახელმწიფო, მოქმედებს ძალიან მკაცრი კანონები და მას ყველა უნდა დაემორჩილოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გამოხატვის სრული თავისუფლებაა.

"რაც არ უნდა ილაპარაკონ ოპონენტებმა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი სახით, კანონის ფარგლებში შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს", - დასძინა ღარიბაშვილმა.