სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი მიიჩნევს, რომ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული სასჯელი არასაკმარისია.
„საბოლოო ჯამში, მერაბიშვილს 3 წელი მისცეს. ალანიას კი 4,6 წელი. იმის თქმა, რომ კმაყოფილი ვარ, ალბათ, უაზრობაა, რამდენადაც, შვილი და მეუღლე მომიკლეს. ყოველ შემთხვევაში, მეტს არც ველოდი. ბრალდების მუხლი ისეთი იყო, 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა ვითომ, თუმცა, როგორც ხედავთ, მერაბიშვილს 3 წელი შეუფარდეს, ალანია ქვეყანაში არ არის და რა მოხდება არ ვიცით. მე რომ ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ, უაზრობა იქნება“, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა და დასძინა, რომ ეს ნაკლები სასჯელია იმის ფონზე, თუ რა ჩაიდინეს ბრალდებულებმა მისი ოჯახის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ცემის ფაქტზე კი ვალერიან მეტრეველსა და გერონტი ალანიას თავისუფლების 4,6 წლით აღკვეთა.