„შეგვიძლია არამხოლოდ ვაწარმოოთ ადგილობრივი ბაზრისთვის, არამედ ექსპორტზე ვიყოთ ორიენტირებული“

„შეგვიძლია არამხოლოდ ვაწარმოოთ ადგილობრივი ბაზრისთვის, არამედ ექსპორტზე ვიყოთ ორიენტირებული“

როგორც პრემიერმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პრეზენტაციაზე განაცხადა, საქართველოს იმაზე მეტი რესურსი აქვს, რაც ადგილობრივ ბაზარს სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს მძიმე ვითარება იმ მიმართულებით, რომ როცა მოვედით ხელისუფლებაში აბსოლუტურად გაპარტახებული და გაღატაკებული სოფელი დაგვხვდა, დაცლილი მოსახლეობისგან. დაგვხვდა დანგრეული სოფლის მეურნეობა, წარმოების არარსებობა რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში და ქვეყანა იყო მხოლოდ იმპორტზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, გამოწვევები იყო ბევრი, გუშინ ეკონომიკური გუნდის წევრები შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ შევაჯამეთ თუ რა რესურსები აქვს საქართველოს და რას ვიყენებთ და რას ვერ ვიყენებთ. სამწუხაროდ, გამოიკვეთა, რომ თითოეულ რეგიონში იმაზე მეტი რესურსი გვაქვს, რაც სჭირდება ადგილობრივ ბაზარს. ჩვენ შეგვიძლია არამხოლოდ ვაწარმოოთ ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად, არამედ  ჩვენ ვიყოთ ექსპორტზე ორიენტირებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი ადგილობრივი, მაღალხარისხიანი პროდუქციით და ამავდროულად ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები გავხსნათ. ჩვენ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობა, რაც ჩვენს რეალობაში ახალ სტანდარტებს დანერგავს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფლის განვითარების და გაძლიერების რეალური ნაბიჯები გადაიდგა.

„ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ღარიბია ანუ ყოველი მეორე ადამიანი და დღეს გამოდიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და უბრალოდ ის ადამიანები, რომლებსაც ვთვლი, რომ ამის თქმის უფლება არ აქვთ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ 2 წელში ვერ უშველა ქვეყანას. დამისახელოს ნებისმიერმა ადამიანმა ერთი მაგალითი ისეთი ქვეყნის, სადაც ასეთ მძიმე ვითარებაში მყოფი ქვეყანა ფეხზე დამდგარიყოს, ეს არის გამორიცხული და ილუზია, რომელსაც უქმნიან მოსახლეობას. მაგრამ რეალურია, ის რაც ჩვენ დავიწყეთ, უნდა განვავითაროთ სოფელის მეურნეობა და გავაძლიეროთ სოფელი“, - განაცხადა ღარიბაშილმა.