მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და DEMETER-AWE Holdings-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ.
კომპანიის ექსპერტებმა აღნიშნული კვლევა საქართველოს რეგიონებში, ადგილზე არსებული ვითარების შესწავლის საფუძველზე შეიმუშავეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმრებს სოფლის მეურნეობის დარგში გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, აღნიშნულ სექტორში წამყვან სიტყვას მევენახეობა ამბობს, რადგან საქართველოს ღვინის 8000-წლიანი ისტორია აქვს და ვაზის 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია.
"საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს, მათ შორის კლიმატური თვალსაზრისით. სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ ისრაელის გამოცდილება უდიდესი ღირებულების მატარებელია საქართველოსთვის.
"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით", - დასძინა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ქართულ-ებრაული მეგობრობის იუბილეზე დასწრებისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი რომან ჩხენკელი დაესწრნენ.