შსს ინფორმაციით, პრემიერის სახლთან მომხდარი ინციდენტის დროს შვიდი პირია დაკავებული

შსს ინფორმაციით, პრემიერის სახლთან მომხდარი ინციდენტის დროს შვიდი პირია დაკავებული

პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან მომხდარი ინციდენტის დროს, შვიდი პირია დაკავებული. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

შსს-ს ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან, ბაჩანა ახალაიას მხარდამჭერების და არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ორგანიზებით აქცია გაიმართა. სამინისტროს განცხადებით, აქცია საქართველოს კანონის, "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" მე-5 მუხლის მოთხოვნათა (ტრანსპორტის სავალი გზის შეფერხების დაუშვებლობა) უხეში დარღვევით მიმდინარეობდა. 

"ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს მათ მიერ არაერთხელ გადაკეტილი სავალი გზის გახსნისა და კანონის დაცვისაკენ. პოლიციელების კანონიერ მოწოდებას აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, გახდნენ აგრესიულნი და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც პოლიციელებს, ასევე გამვლელ პირებს. წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის აღკვეთის დროს აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დაკავებული იქნა ხუთი მონაწილე", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქციის მონაწილეთა შორის მყოფმა დაკავებულმა ტელეარხ "ტაბულას" ჟურნალისტმა ალექსანდრე გიორგაძემ (რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს) საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხელის შეშლის მიზნით ამოაცალა რადიოგადამცემი. 

"რაც შეეხება ადვოკატ რომეო საჯაიას, იგი დაკავებული იქნა ამავე კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა). გარდა ამისა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ჩადენილი ძალადობით) დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლევან კვარაცხელია", - აცხადებენ შსს-ში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან გუშინ საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა. აქციის მახლობლად რამდენიმე პირმა გაიარა, რომლებმაც ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.

დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ დეპუტატი აკაკი მინაშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებდნენ, სასამართლოზე ზეწოლა შეწყვიტოს. ისინი პრემიერის სახლთან სკანდირებდნენ "საქართველო ჰაკიმ ფაშას გარეშე". ასევე, თან ჰქონდათ პლაკატები, ლოზუნგით "ჩაეხსენი სასამართლოს", "ჰაკიმ ფაშა, შენ ხარ სენი, დაგვეხსენი", "ჩვენ გვასამართლებენ მკვლელები, ყაჩაღები, კრიმინალები" და სხვ.