გურამ გირგვლიანი იმედოვნებს, რომ მოსამართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე სწორ განაჩენს გამოიტანს

გურამ გირგვლიანი იმედოვნებს, რომ მოსამართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე სწორ განაჩენს გამოიტანს

სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილი მისი შვილის საქმეზე სრულყოფილ და სწორ განაჩენს გამოიტანს. 
ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მამამ 10 ოქტომბერს, საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმის განხილვების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გურამ გირგვლიანის თქმით, პროკურატურამ ამომწურავად იმუშავა ამ საქმეში და მას ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის იმედი აქვს. 

"პროკურატურამ ჩანს, რომ კარგად იმუშავა. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. აქამდე მოსამართლეები ყველამ ვიცით რა გადაწყვეტილებებს ადგენდნენ. ბატონი მგელიაშვილი, იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა გამოიტანოს სრულყოფილი და სწორი განაჩენი, იმისათვის, რომ მისი ავტორიტეტი, რომელიც შელახულია საზოგადოების თვალში გამოსწორდეს", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა. 

როგორც გირგვლიანის მამამ აღნიშნა, მოთხოვნად რჩება ცნობილი შარდენის სუფრის სხვა წევრების – დანაშაულის დამკვეთების დასჯა. გურამ გირგვლიანის თქმით, მელნიკოვის ჩვენებით იკვეთება, რომ სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების ბრძანება თაკო სალაყაიამ დათა ახალაიას გადასცა, ახალაიამ მელნიკოვს დაავალა და მელნიკოვმა კი შეასრულა. 

"მთავარი საქმე სანდროს შესახებ გამოძიებაშია და იმედი მაქვს, რომ მომდევნო პროცესები იქნება იმ პირების მიმართ, ვინც შარდენის სუფრაზე იმყოფებოდნენ. მელნიკოვმა ხელი დაადო სალაყაიას, რომელმაც მისცა ბრძანება ახალაიას, ახალაიამ კი უბრძანა მელნიკოვს და მელნიკოვმა შეასრულა ის დავალება რაც მიიღო. იმედი მაქვს, შემდეგი პროცესები სწორედ დამკვეთების მიმართ იქნება", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა. 

მისივე თქმით, საქმეში არსებული ერთ-ერთი პირის, ოლეგ მელნიკოვის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებით მთლად კმაყოფილი არ არის. 
"მას მიუსაჯეს ორი წელი რეალური სასჯელი, ორი წელი პირობითი და ასევე ერთი წელი ვერ იმუშავებს ორგანოებში. კარგი იქნებოდა, რომ იგი მაქსიმალურად დასჯილიყო", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა. 

გირგვლიანის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულდა. მოსამართლე დავით გელიაშვილმა განაჩენი დღეს 12:00 საათზე უნდა გამოაცხადოს.