ილიაუნიში 17 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობისა და თვითმკვლელობის ჩამდენი ლაშა მაღრაძის ახლო ნაცნობები ამბობენ, რომ ბოლო დროს ის არააედაკვატურად იქცეოდა, თუმცა, არასდროს გაუგიათ, რომ იარაღი ჰქონდა. ნაცნობები არ გამორიცხავენ, რომ მან იარაღი საგანგებოდ ითხოვა ან არალეგალურად შეიძინა.
ერთერთი ახლობლის თქმით, რამდენიმე დღის წინ მას ლაშა მაღრაძე ტელეფონით ესაუბრა. როცა მეგობარმა ის გაკიცხა და ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა ურჩია, მაღრაძემ უპასუხა: "ფეხებზე მკიდია, თავი უნდა დავიბრიდო!..", - თუმცა, მეგობარს არც კი უფიქრია, რომ ის ამ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით ამბობდა:
"ვიფიქრე, იმ გაგებით თქვა, ჯანმრთელობა ფეხებზე მკიდიაო... იქნებ ასეც იყო, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ხან აურევდა, ხან ისევ ჭკუაზე მოდიოდა და ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი იყო, ისეთი, როგორსაც ყველა ვიცნობდით. მარიკა მისი პარალელურ კლასელი იყო, ყოფილი ცოლი კი - თანაკლასელი.
ნორმალური ბიჭი იყო წარსულში, ძალიან კარგი ოჯახი ჰყავდა, არაფერს აკლებდა, ბიზნესშიც ჩართო მისმა ყოფილმა სიმამრმა - ცემენტთან დაკავშირებული ბიზნესი წამოიწყეს. მეგობრებთან შეხვედრა და საღამოს რესტორანი იყო მისი გართობა და ლაშას ჩხუბი არ გაგვიგია კი არა, ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს, სანამ ნარკოტიკის მოხმარება არ დაიწყო...
მერე ყველაფერი აერია: როცა ნარკოტიკი ძნელად საშოვნელი გახდა, ფსიქოტროპულებს დაეჩვია და მაგან მოუღო ბოლო. პირველად ნარკოტიკის მოხმარებისთვის დაიჭირეს, მცირე დოზაც უპოვეს და სასჯელს იხდიდა. როცა გამოვიდა, ცოტა ხანს ისევ ნორმალურად იყო, ისევ ბიზნესს დაუბრუნდა, მაგრამ მერე ისევ იგივე წრეს დაუბრუნდა და ოჯახიც დაენგრა, ბიზნესიც დაკარგა...
მეორეჯერ როცა დააკავეს, დიდი ისეთი არაფერი, "ეფედრინი" უპოვეს მანქანაში, მაგრამ პირველი სასჯელიდან პირობითი ჰქონდა გამოყოლილი და მაგან გაურთულა საქმე. ციხიდან როცა მეორედ გამოვიდა, უკვე ძალიან შერყეული ჰქონდა ფსიქიკა, ჯანმრთელობითაც ვერ იყო მაინცდამაინც ჯანზე...
მერე მარიკაზე დაქორწინდა და ყველას გაგვიხარდა, დალაგდებაო, მაგრამ წრეზე დადიოდა მოჯადოებულივით - მოიხმარდა ფსიქოტროპულებს, დალევდა ალკოჰოლს და მერე ზალიან აგრესიული ხდებოდა... მე მგონი, სწორედ ამის შედეგია, რაც მოხდა და არა იმის, რომ მარიკას მიმართ ჰქონდა რაიმე პრეტენზია... უბრალოდ, მარიკამ გადაწყვიტა, ეს ურთიერთობა დაესრულებინა, რადგან ლაშამ რამდენჯერმე მისცა პირობა, გამოვსწორდებიო და ამას ვერ ახერხებდა...
მარიკასაც სხვა გზა აღარ დარჩენოდა და გაცილდა, ლაშამ კი ჩათვალა, რომ ამით საბოლოოდ მოეღო ბოლო და აი, ასეთი საზარელი, ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობს ლაშა მაღრაძის ახლკო ნაცნობი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.