ლავროვი:   რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ჩიხშია შესული

ლავროვი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ჩიხშია შესული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მთელ რიგ მიმართულებებში რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მძიმე რჩება და საერთოდაც, ჩიხშია შესული. ლავროვის შეფასებით, ამის მიზეზი არის ის, რომ ვაშინგტონი ერთგულია თავისი ცალმხრივი ინტერესებისა.

"ამის მიუხედავად ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი განწყობილია პოზიტიური თემების მოძებნით იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებთან მიმართებაშიც ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს", - აღნიშნა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, ამერიკასთან დიალოგი იმითაც რთულდება, რომ ვაშინგტონი არ ცდილობს პარტნიორთა ინტერესები გაითვალისწინოს მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობს, გაითვალისწინოს მათი მიდგომები და ასეთი ინეტერესების ბალანსი გამონახოს.

მისივე თქმით, რუსეთსა და აშშ-ს გააჩნიათ ორმხრივი პრობლემების მნიშვნელოვანი ოდენობა. "ურთიერთობა რთულია, რომელიც ახლა არა თუ გაყინულია, არამედ ჩიხშია მთელი რიგი მიმართულებით, რაც უკრაინის კრიზისამდე შეიქმნა", - განაცხადა ლავროვმა.