შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის საკითხზე ომბუდსმენი ხვალ სპეციალურ ანგარიშს წარადენს

შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის საკითხზე ომბუდსმენი ხვალ სპეციალურ ანგარიშს წარადენს

სახალხო დამცველი ხვალ სპეციალურ ანგარიშს - "შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შესახებ" წარადენს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში ორგანიზაცია "ოქსფამის" მხარდაჭერითა და დამოუკიდებელ ექსპერტ რაისა ლიპარტელიანთან და ორგანიზაცია "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" თანამშრომლობით მოამზადა.

სპეციალური ანგარიშის მიზანია სამუშაო ადგილზე ქალთა დისკრიმინაციის დაფარული პრობლემატიკის წარმოჩენა და რეკომენდაციების შემუშავება ქალთა შრომითი უფლებების სამართლებრივი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ხშირია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევები წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო ურთიერთობებში, როდესაც ქორწინების სტატუსის მიხედვით, შესაძლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შვებულებისაგან თავის ასარიდებლად, ქალს უარს ეუბნებიან დასაქმებაზე ან ათავისუფლებენ სამსახურიდან. ასევე, ხშირია სექსუალური შევიწროების შემთხვევები დასაქმების ადგილზე, თუმცა მასზე არ საუბრობენ და არც შესაბამისი რეაგირება ახლავს თან.

პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება, მიწვეული არიან სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, თემაზე მომუშავე ექსპერტები.