ბეშუმში თოვლში ჩარჩენილი მამაკაცის დასახმარებლად სამაშველო სამსახური გაემგზავრა

ბეშუმში თოვლში ჩარჩენილი მამაკაცის დასახმარებლად სამაშველო სამსახური გაემგზავრა

აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში თოვლში ჩარჩენილ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს სამაშველო სამსახური დაეხმარება. თამაზ ჩოგაძე ბეშუმთან ახლოს , ნაჩადრევის მთაში სოკოს საკრეფად წავიდა, თუმცა მისი ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ლევან დეკანაძემ განუცხადა, ბეშუმში თოვლის საფარი 5 სანტიმეტრამდეა. მისივე განმარტებით, თამაზ ჩოგაძის დასახმარებლად სამაშველო სამსახური ბეშუმში უკვე გაემგზავრა.

"ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბეშუმში იმყოფებოდა მოქალაქე "ჯიპის" ტიპის ავტომობილით. მამაკაცმა გვაცნობა, რომ ავტომობილის ძრავი არ ამუშავდა და სჭირდება დახმარება. თოვლის საფარი ბეშუმში 5 სანტიმეტრამდეა, თოვს ამ ეტაპზეც და მამაკაცის გამოსაყვანად სამაშველო ჯგუფი გავგზავნეთ", - აღნიშნა ლევან დეკანაძემ.

მისივე თქმით, ხულოს მაღალმთიან სოფელ დანისპარაუში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა, ხოლო სოფელ კვატიის ერთ-ერთ უბანში მეწყერი ჩამოწვა და სოფლის შიდა გზა ჩაიკეტა.