არჩილ გეგეშიძე - მთავრობას მთელი რიგი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, რათა უფრო შედეგიანი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა

არჩილ გეგეშიძე - მთავრობას მთელი რიგი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, რათა უფრო შედეგიანი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა

ყველა უნდა ვეცადოთ, რომ შედეგი დადგეს პოზიტიური და არ ჩამოვრჩეთ დროს, პირიქით, გავუსწროთ სადაც შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული გაფართოებული თათბირის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საგარეო მიმართულებით, საქართველოს მთავრობას აქვს მთელი რიგი ნაბიჯები გადასადგმელი, რათა უფრო შედეგიანი იყოს საგარეო პოლიტიკა.

"გამოწვევები არის ქვეყნის წინაშე. სიტუაცია მარტივი არ არის, უფრო მეტიც, რთულდება კიდეც ჩვენს გარშემო, რეგიონში, მსოფლიოში და შესაბამისად, საგარეო მიმართულებით, საქართველოს მთავრობას აქვს მთელი რიგი ნაბიჯები გადასადგმელი იმისათვის, რომ უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და უფრო შედეგიანი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.
საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმების საკითხსაც გამოეხმაურა.

"ზოგადად, ეს ჩვენს გარშემო არსებულ ვითარებას გამოწვევის სახით აყალიბებს ჩვენს წინაშე, შესაბამისად, ჩვენ არა მარტო ამ კონკრეტული საკითხის გამო, ბევრი სხვა საკითხის გამო, გვჭირდება უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების სისტემა, რომ ვიყოთ პროაქტკიულები ამ გამოწვევების წინაშე და სადაც შესაძლებელია და როგორც შესაძლებელია, მოვახდინოთ ყველაფრის იმის პრევენცია, რასაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.

მისივე მტკიცებით, საგარეო პოლიტიკის ორიენტირები არ იცვლება და საგარეო პოლიტიკური კურსი ცნობილია.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაფართოებული თათბირი გაიმართა. თათბირს ესწრებოდნენ პარლამეტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და სხვა დეპუტატები, ასევე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია.