მე და თედო ჯაფარიძე ვართ ძველი მეგობრები. ასე, რომ ჩვენს მეგობრობაზე არაფერი არ იმოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მასსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს შორის უთანხმოების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მას და თედო ჯაფარიძეს ბევრჯერ უჩხუბია და უმსჯელია.
"ჩათვალეთ რომ ამან ჩაიარა და ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, როგორც მეგობრები. ბევრჯერ გვიჩხუბია, ბევრჯერ გვიმსჯელია, რომ არა მაშინ ჟურნალისტის იქ ყოფნა, რომელმაც უცბად გამომიჭირა, ალბათ, არც არაფერს არ ვიტყოდი მედიისთვის", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
რამდენიმე დღის წინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კოლეგას ურჩევდა თავი შეიკავავებინა აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან. ზურაბ აბაშიძე თედო ჯაფარიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა.
"ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი და ავუხსნიდი თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. მაგრამ ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა და შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი, რას იზამ", - განუცხადა რამდენიმე დღის წინ ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.