იპოთეკით დაზარალებულმა პირებმა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. იპოთეკარები დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების მისაღებად აჭარის მთავრობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ.
აქციის გამო ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა სამართალდამცველებმა აღადგინეს. დღესვე, იპოთეკარებმა აქცია გამართეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან. იპოთეკური დავალიანების მქონე ამირან მანჯგალაძემ დეპუტატებს გამოსახლებების შესაჩერებად დახმარების თხოვნით მიმართა.
"უმაღლესმა საბჭომ და აჭარის მთავრობამ გვიშუამდგომლოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და შეგვიჩერონ გამოსახლებები. ასევე, გასცენ დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხები. შეღავათი მოგვეცემა და არ დავკარგავთ საცხოვრებელ სახლებს", - აღნიშნა ამირან მანჯგალაძემ.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები გათავლისწინებული არ იქნება, პერმანენტულ აქციებს გამართვენ.