ალექსი პეტრიაშვილი - აფხაზეთთან ე.წ.ხელშეკრულების გაფორმება პირდაპირი ანექსიის დაწყებაა

ალექსი პეტრიაშვილი - აფხაზეთთან ე.წ.ხელშეკრულების გაფორმება პირდაპირი ანექსიის დაწყებაა

ე. წ. აფხაზურ რეჟიმსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის გაფართოებულ თანამშრომლობაზე ხელშეკრულების გაფორმება არის პირდაპირი ანექსიის დაწყება და ანექსიის გაფორმება. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომის დაწყებამდე განუცხადა. 

მისივე თქმით, სხდომაზე განხილული იქნება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს წინაშე რუსეთის მხრიდან მომავალი მზარდი საფრთხე, რომელიც რეალურად უკვე კონკრეტულ ფორმებს იძენს. 

"ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმ ფორმებზე და იმ ზომებზე, რომლითაც წინ უნდა აღვუდგეთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად რესეთის მხრიდან ამ აგრესიულ ქმედებას", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

მან აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამის შესახებაც მსჯელობა აუცილებლად იქნება. 

"მე მიმაჩნია, რომ უფრო მომავალზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება, ვინაიდან როგორც დაზუსტდა და დადგინდა, რუსეთის პოზიცია, ოფიციალური პოზიციაც უცვლელია ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არხი თავის რესურსს წურავს. მგონია, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად იქნება გამოთქმული მოსაზრებები", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.