ძლიერი წვიმის შედეგად ჩაქვში, მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა და ტერიტორია დატბორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, წყლის დიდმა ნაკადმა მახინჯაურში ავტომობილების გადაადგილებას პრობლემები შეუქმნა, ხოლო ბათუმში აჭარელის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა სახლი დაანგრია. მისივე განმარტებით, ნგრევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, რადგან წინა სტიქიის დროს ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადავიდა.
"ზღვაში 3 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, საღამოს 4 ბალამდე შტორმი იქნება. ძლიერი წვიმა იყო ქედაში, შუახევსა და ხულოში. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში ძლიერი წვიმის შედეგად ერთი სახლი დაიტბორა. ჩაქვში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და დაიტბორა ტერიტორია. მახინჯაურში ძლიერი წვიმის შედეგად ნალექი დაგროვდა და წყალში ჩარჩენილი 15 ავტომობილი სამაშველო სამსახურმა გამოიყვანა. აჭარელის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად სახლი დაინგრა. სტიქიის შედეგად საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა.