რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს ამბოხებულები ვერ დატოვებენ, რადგან ეს მათი სამშობლოა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მილანში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გაირკვა, რომ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში, რომელიც ამბოხებულებმა უნდა დატოვონ, თავად ეს ამბოხებულები ცხოვრობენ და ამბობენ, რომ მათ არსად აქვთ წასასვლელი, რადგან იქ მათი ოჯახები, ცოლები, შვილები, ნათესავები ცხოვრობენ. ჩვენ შევეცდებით ხელი შევუწყოთ, რომ მიღწეულ იქნას მისაღები გადაწყვეტილებები", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ უკრაინა და რუსეთი ჯერჯერობით, ვერ შეთანხმდნენ ბუნებრივ აირთან დაკავშირებულ საკითხებზე.
"მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის თაობაზე უშედეგოდ დასრულდა. თუმცა, მცირე პროგრესს მაინც მივაღწიეთ. დარჩა დეტალები, რომელიც კვლავ განსახილველია", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
მილანში გუშინ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა სამ რაუნდად გაიმართა.