გარი კასპაროვი - პუტინი უფრო საშიშია ამერიკისთვის, ვიდრე

გარი კასპაროვი - პუტინი უფრო საშიშია ამერიკისთვის, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო" ან "ებოლა"

პუტინი უფრო საშიშია ამერიკისთვის, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო" ან "ებოლა", - ამის შესახებ რუსი მოჭადრაკე, ოპოზიციონერი გარი კასპაროვი აცხადებს , რომლის კომენტარსაც რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქცია ავრცელებს. 

კასპაროვის შეფასებით, პუტინის მმართველობის სტილი ჰიტლერისას ჰგავს და ის ებრძვის თანამედროვე სამყაროს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია.
"მჯერა რომ დღეს პუტინი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე "ებოლა" ან "ისლამური სახელმწიფო". ზიანი, რომელიც შეიძლება "ებოლამ" მოგვაყენოს, შეზღუდულია, რესურსებით და სწორი სტრატეგიით მისი დამარცხება შესაძლებელია. ასევეა "ისლამური სახელმწიფო", შეიძლება ძვირი დაჯდეს, მაგრამ სამხედრო გზებით მისი დამარცხება შეგვიძლია, იგივე არ ეხება რუსეთის პრეზიდენტს", - აცხადებს გარი კასპაროვი.

რუსი ოპოზიციონერის თქმით, პუტინს სამხედრო გზით ვერ დაამარცხებ, რადგან რუსეთი ატომური იარაღის ფლობის მხრივ მსოფლიოში მეორე ქვეყანაა. "ამ პრობლემას სამხედრო მოგვარება არ უწერია. ამიტომაც, როცა აღიარებ პუტინისგან მომავალ საფრთხეებს, მოქმედებაც შესაბამისი უნდა იყოს", - განმარტავს ის.

გარი კასპაროვი ვლადიმერ პუტინს "დიქტატორსაც" უწოდებს. "როცა ქვეყანას 15 წელი ერთპიროვნულად, პოლიტიკური პარტიის გარეშე მართავ, ეს დიქტატურაა. ჩვენ ამას სახელი უნდა დავარქვათ, ის დიქტატორია. ისევე, როგორც დიქტატორს ვუწოდებდით სადამ ჰუსეინს, გენერალ პინოჩეტს ან ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს... როცა საქმე დიქტატორს ეხება, დასავლეთის რეაქციებიც შესაბამისი უნდა იყოს. ყირიმის ანექსია სწორედ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე დასავლეთის მიერ სათანადო რეაქციის არქონამ გამოიწვია. რუსეთის მიმართ სანქციები უფრო ადრე, თებერვალში რომ დაწესებულიყო, დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთ უკრაინაში ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდით. უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო თანამედროვე შეიარაღება რომ მიეღო, ვფიქრობ, პუტინი ვერ მიითვისებდა უკრაინის ტერიტორიებს", - აცხადებს კასპაროვი.

მისი თქმით, პუტინი დასავლეთის ასეთმა რეაქციებმა გააძლიერა და ახლა ის მსოფლიოს პოლიტიკური წყობის შეცვლას და ნატოს, როგორც სტაბილურობის გარანტის, შესუსტებას ცდილობს. 
"2008 წელსაც კი პუტინი ასეთი გაბედული არ ყოფილა, ის შეიჭრა საქართველოში და კვაზი სახელმწიფოები შექმნა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ანექსია, რაც მან ყირიმში გააკეთა. ამით ის აგზავნის მესიჯს, რომ არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი შეთანხმება არ დაგიცავს თუ არ გაქვს ბირთვული იარაღი, რომელიც, სხვათა შორის, უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ 1994 წელს დათმო", – დასძენს რუსი ოპოზიციონერი.