საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან, რათა ეს პრობლემა აღმოიფხვრას , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს ილიაუნში მომხდარი შემთხვევის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ომბუდსმენმა განმარტა, "ეს არის კიდევ ერთი მოწმობა იმისა, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები, როდესაც საუბარია ოჯახური ძალადობის ფაქტებზე და რეაგირება ხშირ შემთხვევაში არ არის ადექვატური.
უჩა ნანუაშვილის თქმით, სამართალდამცველი ორგანოები ძალადობის შესახებ შეტყობინებებზე დროულად და ადეკვატურად არ რეაგირებენ.
"სამართალდამცველი ორგანოები, სამწუხაროდ, არ რეაგირებენ დროულად და ადეკვატურად მსგავს შეტყობინებებზე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად დამოკიდებულება შეიცვალოს. საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული და სამწუხაროდ არანაირი სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, არ არსებობს. საჭიროა არა ერთჯერადი გამოძიება კონკრეტული ფაქტის, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის კანონმდებლობის გამკაცრება და პოლიციელებთან მუშაობა.
"რაღაც მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის შეიძლება იყოს კანონმდებლობის გამკაცრება, უშუალოდ პოლიციელებთან უფრო მეტი მუშაობა, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოახდინონ რეაგირება ძალადობის შემთხვევებზე. ვფიქრობ, პოლიტიკურ ნებაზეცაა საუბარი, მესიჯი უნდა იყოს თითოეული პოლიციელებისადმი, რომ მათ მოახდინონ რეაგირება მსგავს შეტყობინებებზე დროულად", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.