საბერძნეთის და საფრანგეთის სასამართლო თუ ხედავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმეებს პოლიტიკური სარჩული აქვს, საინტერესოა , რატომ არ ცდებიან ჩარჩოებს ქართველი მოსამართლეები, - ამის შესახებ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას თავდაცვის და შს საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა.
იგი აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა დათა ახალაიას ექსტრადირებაზე საბერძნეთის სასამართლოს უარს და ასევე გაიხსენა კეზერაშვილის მიმართ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა და მის ექსტრადირებაზე ქართულ მხარეს უარი ეთქვა.
"იქნებ გასცდეთ ჩარჩოებს, თუკი ბერძენი და ფრანგი მოსამართლეები ხედავენ ამ ყველაფერში პოლიტიკურ სარჩულს, ქართველ მოსამართლეებს რატომ არ შეგიძლიათ ამის დანახვა. ამისთვის საჭიროა უფრო ფართოდ იმსჯელოთ და არა იმ მტკიცებულებებით, რომელსაც გაწვდით პროკურატურა", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.
მისივე თქმით, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი სწორედ მის გამო იმყოფებიან პატიმრობაში. კერძოდ, ბაჩო ახალაიას თქმით, ქარდავას და მაზმიშვილს მკვლელობის ბრალდება იმ მოტივით წარუდგინეს, რომ მისი საქმე დაკავშირებული ყოფილიყო მკვლელობასთან. როგორც ახალაია აცხადებს, ქარდავამაც და მაზმიშვილმაც პროკურატურის ზეწოლის მიუხედავად უარი თქვეს ამ საქმეში მოწმედ წარდგენაზე და სწორედ ამიტომ დააკავეს ისინი და წაუყენეს მძიმე ბრალდება, რაც არ ჩაუდენიათ.
საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე სხვა ბრალდებულებმაც წარმოთქვეს. ერთ-ერთი ბრალდებულის ლევან ქარდავას განცხადებით, პროკურატურის მასალების მიხედვით, მას საკონტროლო გასროლას ედავებიან და ასევე მასალებში ნათქვამია, რომ იგი ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ნიღბით იმყოფებოდა. თუმცა, როგორც ლევან ქარდავამ აღნიშნა, ვერც ერთმა სპეცრაზმელმა მისი ამოცნობა ვერ მოახერხა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს.
დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბოლო პროცესი იმართება. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 17:00 საათამდე შესვენება გამოაცხადა. 17 საათზე საქმის განხილვა რეპლიკების ეტაპით განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა და განაჩენის თარიღს გამოაცხადებს. ამ დროისათვის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.