ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სამწუხაროდ დღემდე გაჭიანურებულია და ადეკვატური არ არის ის სასჯელი, რომელიც მოჰყვა ინციდენტს , - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქობულეთში მუსლიმთა პანსიონთან ღორის დაკვლის ინცინდენტთან დაკავშირებით განაცხადა. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ომბუდსმენი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის სახლში ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მოკლე დროში დასრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია საკითხის მოლაპარაკების პროცესში გაგრძელება.
"ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გამოძიება დასრულდეს რაც შეიძლება მალე და რეალურად მიეცეს სწორი რეაგირება იმ სამწუხარო ინცინდენტს, რომელიც მოხდა. გამოძიება სამწუხაროდ დღემდე გაჭიანურებულია და ადეკვატური არ არის ის სასჯელი, რომელიც მოჰყვა ინცინდენტს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესი უფრო აქტიურად გაგრძელდეს და რეალური შედეგი დადგეს. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ბევრი მხარეა ჩართული მოლაპარაკებებში, მაგრამ რეალური და კონკრეტული შედეგი უნდა დადგეს და მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა ამოიწუროს ეს საკითხი", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მუსლიმთა პანსიონთან 10 სექტემბერს ინცინდენტი მოხდა. ადგილობრივებმა პანსიონის შესასვლელთან ღორი დაკლეს და მისი თავი პანსიონის კარზე დაამაგრეს.