საქართველოს პატრიარქი კვიპროსში გაემგზავრა

საქართველოს პატრიარქი კვიპროსში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კვიპროსში დელეგაციის წევრებთან ერთად გაემგზავრა.

უწმინდესმა აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

როგორც პროტოპროსვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, უწმინდესი კვიპროსზე თანხმლებ პირებთან ერთად კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს II-ის მიწვევით გაემგზავრა. მან ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს, რადგანაც იგი მნიშვნელოვან შეხვედრებს მოიცავს.

პროტოპროსვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, დღესვე უწმინდესი ჩაბრძანდება ლარნაკას აეროპორტში, სადაც მას ექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. ხვალ დაგეგმილი არის შეხვედრა კვიპროსის ეკლესიის მეთაურთან, უნეტარეს ქრიზოსტომოს II-სთან. შემდეგ დაგეგმილი არის ოფიციალური სადილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივსაცემად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კვიპროსის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლებისა და კულტურის მინისტრი. ასევე ხვალვე დაგეგმილი არის კათოლიკოს-პატრიარქის ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეკომპანია "მეგასთან" ბიზანტიის მუზეუმში.

გიორგი ზვიადაძის განცხადებით, 19 ოქტომბერი წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილების ამობრძანების დღეა. ამასთან დაკავშირებით ლარნაკას წმინდა ლაზარეს ტაძარში გაიმართება ერთობლივი წირვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილია მეორე, საქართველოს დელეგაციის მღვდელმთავრები და სასულიერო პირები.

20 ოქტომბერს დაგეგმილი არის კიკოსის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მოლოცვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეწვევა მონასტერს და იქ პარაკლისს გადაიხდის. ასევე პატრიარქი პატივს მიაგებს არქიეპისკოპოსს მაკარიუსის ხსოვნას და მის საფლავს ეწვევა. არქიეპისკოპოსი მაკარიუსი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი იყო.

21 ოქტომბერს ასევე დაგეგმილი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და დელეგაციის წევრების სტუმრობა ღალიის ქართულ სამონასტრო კომპლექსში. პატრიარქი ახლად აღდგენილ სამონასტრო კომპლექსს დაათვალიერებს. იქ აღსრულებული სასულიერო პირებისა და ქტიტორების სულის მოსახსენიებლად პანაშვიდს გადაიხდის, ასევე შესრულდება პარაკლისი.

გიორგი ზვიადაძის განცხადებით, პატრიარქი საქართველოში 22 ოქტომბერს დაბრუნდება. მისივე თქმით, მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ორ მართლამდიდებლურ ეკლესიებს შორის ძმური, მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.