პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს უყრიან კენჭს. საკითხი სხდომის დღის წესრიგშია ასახული.
"დღის წესრიგში არის კენჭიყრის საკითხი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება კვორუმზე. იმედი მაქვს, კანდიდატებს უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნებათ", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.
გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის ორ ვაკანტურ ადგილზე ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერაშვილის კანდიდატურები პარლამენტს უკვე მეორედ წარუდგინა.
თავდაპირველად, მათი წარდგენა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანდიდატმა საპარლამენტო კომიტეტებში მხარდაჭერა მიიღო, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას, "ჩააგდეს". უმრავლესობის წევრებმა, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს, აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ პირებს არ იცნობდნენ და მათთან დაკავშირებით ერთიანი, შეჯერებული პოზიცია არ არსებობდა.
ბაქაქურს და ძლიერაშვილს საპარლამენტო კომიტეტებში გასულ კვირას კიდევ ერთხელ მოუსმინეს და კვლავ დაუჭირეს მხარი.
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით, არანაკლებ 10 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.