საქართველო ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი გახდა

საქართველო ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი გახდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას ლიტვის დედაქალაქში ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა და ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა.

საქართველო ნატო-ს პირველი არაწევრი პარტნიორი – კონტრიბუტორი ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს მიუერთდა.

ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა" ჩაერთვება, რომელსაც ვილნიუსში მდებარე ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, NATO-ს არაწევრ ქვეყანასთან ამ ტიპის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თავის მხრივ უპრეცედენტო მოვლენაა.

ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრი 2012 წლის 10 ივლისს დაარსდა, ის ოფიციალურად 2013 წლის 6 სექტემბერს ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ლიტვის პრეზიდენტმა გახსნეს.

ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის პირველი გაფართოება ნატო-ს არაწევრი ქვეყნით, საქართველოთი დაიწყო. გაფართოების პროცესს 2014 წელს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთ–ერთი დამაარსებელი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი დაასრულებს.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთელი ის გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყნებშია დაგროვილი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, ხელმისაწვდომი გახდება "დელტას" სამეცნიერო-ტექნიკური განვითარებისთვის. ასევე "დელტას" პოტენციალი ხელმისაწვდომი იქნება გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის.

"ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მოვლენაა, რათა გაძლიერდეს საქართველოს თანდათანობითი ინტეგრაცია ამ მიმართულებით. ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სამხედრო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებისთვის ამ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.