ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" თავმჯდომარე და შპს "ოლიმპიური ვარსკვლავის" დირექტორი ზაზა რაზიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
უწყების ინფორმაციით, ზაზა რაზიკაშვილი ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" წევრების კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მიეცა.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ზაზა რაზიკაშვილმა 2006 - 2010 წლებში, მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი და კომერციული ფართების შეძენის სანაცვლოდ, შეტანილი თანხის მხოლოდ ნაწილი მოახმარა ქ.თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც დღესაც დაუსრულებელია, ხოლო 14 800 000 ლარის ოდენობით ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც 100-ზე მეტ მოქალაქეს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა", - აცხადებენ უწყებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.