მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა აფხაზეთის ოკუპაცია თვითგამორკვევისათვის ბრძოლად გამოაცხადა

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა აფხაზეთის ოკუპაცია თვითგამორკვევისათვის ბრძოლად გამოაცხადა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრ ირაკლო ღარიბაშვილის მიერ გამოყენებულ ტერმინს "მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის წყალში გადაყრად" აფასებს.

მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"გუშინ, საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის. ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა. "თვითგამორკვევა" ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რა რუსეთს, ოკუპაციისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან, გზას ხსნის აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის" საერთაშორისო აღიარებისკენ", - აცხადებს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება, შემაშფოთებელია. პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ის, პირველ რიგში იქნება საფრთხის შემცველი აფხაზებისთვის, "როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის".
"არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით",- განაცხადა პრემიერმა.