ყოფილი პოლიტპატიმრები მოსამართლეს ე.წ. ნავთლუღის საქმეზე სამართლიანი განაჩენის მიღებისკენ მოუწოდებენ

ყოფილი პოლიტპატიმრები მოსამართლეს ე.წ. ნავთლუღის საქმეზე სამართლიანი განაჩენის მიღებისკენ მოუწოდებენ

"პირველ პრესკლუბში“ ყოფილმა პოლიტპატიმრებმა მიხეილ ცილიკაშვილმა, ზაალ ჟვანიამ და დავით ზირაქიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. 

"ხვალ, 16:00 საათზე ე.წ. ნავთლუღის საქმეზე ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საქმე გამოყენებული იყო იმისთვის, რომ კიდევ ერთი სპექტაკლი დაედგათ, თუ რა სიტუაცია იყო და რა ხდებოდა ვითომ ციხეებში, რომ შემდეგ ამ ციხეების დარბევა მოეხდინათ, რასაც  ნაჩვევი იყო ბაჩო ახალაია. ზუსტად ამ ახალი სპექტაკლის დადგმას შეეწირა სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც ნავთლუღში ვითომ სპეცოპერაციის შედეგად თავში საკონტროლო გასროლით იქნენ დახოცილები. მივმართავ კუბლაშვილს, რათა ხვალ პროცესზე ზეწოლა არ მოახდინოს და მივამართავ მოსამართლე ბუგიანიშვილს, რომ შემთხვევით ხელი არ წაუცდეს და  გამამართლებელი განაჩენი არ დააყენოს“, - განაცხადა მიხეილ ცილიკაშვილმა.
 
მისივე თქმით, არსებობს 57 მოწმის ჩვენება და სატელეფონო საუბრები, სადაც ბაჩო ახალაიასა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა დანაშაულებრივი ქმედებაა გაშიფრული.
 
„ჩვენ აქ წარმოდგენილი პოლიტპატიმრები და გარკვეული ჯგუფი ჩვენი თანამოაზრეებისა, ვიბრძოდით, ვიბრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისთვის და საბოლოოდ დამკვირებისთვის საქართველოში. ჩვენ იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარიმართება ხვალ პროცესები შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, რომლითაც მართლაც საბოლოოდ  დავასამარებთ იმ კრიმინალურ რეჟიმს, რომელსაც  მთელი ქართველი ერი 9 წლის განმავლობაში უყურებდა. ზუსტად ჩვენ  ვიქნებით ის ბოლო ადამიანები, რომლებიც მათ პოლიტიკურ კუბოში ბოლო ვერცხლის ბოლო ლურსმანს დავაჭედებთ და იმ ხელისუფლებას დავამთავრებთ“, - განაცხადა ცილიკიშვილმა.
 
ამასთან, ყოფილი პოლიტპატიმრების განცხადებით, მათ შემქნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „სახელმწიფოსგან დაზარალებულთა სოლიდარობა“, რომლის თავმჯდომარე ზაალ ჟვანიაა. მათი თქმით, ორგანიზაციის მიზანია სახელმწიფოსგან დაზარალებული მოსახლეობის დაცვა და ამ კონტექსტში ერთ-ერთ ყველაზე აქტრუალურ პრობლემად საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემები დაასახელეს.