ირაკლი ალასანია - ჩვენ კოალიციაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ

ირაკლი ალასანია - ჩვენ კოალიციაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ

ჩვენ კოალიციაში თავს ვგრძნობთ ძალიან კომფორტულად და ვხვდებით, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე ერთად უნდა მივიყვანოთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა. 

მისი თქმით, კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება 2016 წლამდე გაგრძელდება, თუმცა, შემდეგ რა ფორმას მიიღებს პოლიტიკური პარტნიორობა, ამაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს. 
რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, ალასანია აცხადებს, რომ საკითხი განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილება 8 ნოემბერს, პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი. 

"თავისუფალი დემოკრატები" იყვნენ და დავრჩებით იმ ძალად, რომელიც კრავდა საზოგადოებას და, საქართველო, ქართული პოლიტიკა მიჰყავდა ევროპისკენ. ჩვენ მთავარ ღირებულებად ყოველთვის ვაცხადებდით ადამიანს, პიროვნებას და პიროვნულ თავისუფლებას. სწორედ თავისუფალი მოქალაქეების საქართველო იქნება ის ძლიერი ქვეყანა, რომელიც შეუერთდება ევროპას. აქედან გამომდინარე, ჩვენ კოალიციაში ვგრძნობთ თავს ძალიან კომფორტულად დღეს და ვხვდებით, რომ ის ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ის დაწყებული საქმეები, რომელიც მისაყვანი გვაქვს ბოლომდე, ერთად უნდა მივიყვანოთ და ეს შეთანხმება 2016 წლამდე გაგრძელდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სურვილია და პოლიტიკური ნებაც, რომ ის პარტნიორობა, რომელიც გამოიწრთობა ამ წლების განმავლობაში, გაგრძელდეს, მაგრამ რა ფორმას მიიღებს, ამაზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.