ნიკოლოზ მაღალდაძე - ნავთობკომპანიებს შორის კარტელური გარიგების ნიშნები სახეზეა

ნიკოლოზ მაღალდაძე - ნავთობკომპანიებს შორის კარტელური გარიგების ნიშნები სახეზეა

ნავთობკომპანიებს შორის კარტელური გარიგების ნიშნები სახეზეა და ფასებიც ხელოვნურად არის გაზრდილი, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაშია ნათქვამი. "ინტერპრესნიუსი" ნიკოლოზ მაღალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"1 ტონა ბენზინზე ფასი დღეს მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით 245 დოლარით ნაკლებია და 805 დოლარს შეადგენს. ყველა გადასახადისა და ლარის კურსის გათვალისწინებით 1 ტონა ბენზინის ფასი 1991 ლარს არ სცდება. თუ გავითვალისწიბენთ, რომ 1 ტონა ბენზინი 1300 ლიტრია, გამოდის, რომ 1 ლიტრი ბენზინის მინიმალური ფასი 1,53 ლარს არ სცდება, ხოლო საქართველოში ყველაზე დაბალი ხარისხის ბენზინის ფასი 2,02 ლარს შეადგენს. რაც შეეხება დიზელს, აქ 1 ტონა დიზელის ფასი, ყველა გადასახადის გათვალისწინებით, 1892 ლარს შეადგენს, რაც 1 ლიტრ დიზელზე 1.63 ლარია. ბაზარზე ფასების ამპლიტუდა კი 2.04-2.23 ლარამდე მერყეობს. გამოდის, რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიების მოგება 1 ლიტრ ბენზინზე, 0.50 თეთრიდან იწყება, ხოლო დიზელზე - 0.41 თეთრიდან. აქედან გამომდინარე, კომპანიების საშუალო მოგება 1 ლიტრ საწვავზე 25%-დან იწყება. გასული წლის დეკემბრის თვეში საერთაშორისო ფასი ბენზინზე 920-940 დოლარს, ხოლო დიზელზე 910-920 დოლარს შეადგენდა. ნათელია, რომ 2013 წლის ბოლოსთან შედარებით დღეს ფასი შემცირებულია 105-135 დოლარით ყველა კატეგორიის საწვავზე. შემიძლია გითხრათ, რომ საცალო ფასი დაახლოებით იგივე იყო 2013 წლის დეკემბერშიც, თუ არ ჩავთვლით 1-2 თეთრიან სხვაობას. 

ჩვენ ასევე მოვახდინეთ 2013 წლის ბოლოს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერების ანალიზი. აღმოჩნდა, რომ 30 დეკემბერს, კომპანია "სოკარმა" "კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" 1 ლიტრი დიზელი 1.81 ლარად, ხოლო კომპანია "ლუკ ოილმა" ამავე სააგენტოს, 18 დეკემბერს პრემიუმის ტიპის საწვავი 1.77 ლარად შესთავაზეს. აქვე აღვნიშნავ, რომ იმ მომენტისთვის საერთაშორისო ბაზარზე "პლატცი"დიზელზე 909,73 დოლარს, ხოლო ბენზინზე 928,27 დოლარს შეადგენდა. დღეს "პლატცი" დიზელზე დაახლოებით 780 დოლარს, ხოლო ბენზინზე - 805 დოლარს შეადგენს. ფაქტია, რომ მთავრობამ სატენდერო ფასის განსაზღვრით მოახერხა საბიუჯეტო თანხების დაზოგვა, რაც მისასალმებელია, მაგრამ თავისუფალ ბაზარზე სახელმწიფო უძლურია და ის ვერ განსაზღვრავს ფასს, რითაც ბოროტად სარგებლოს აღნიშნული ბიზნეს სუბიექტები. 

ჩვენთვის უკვე ნათელია და გვინდა საზოგადოებისთვისაც გახდეს ცნობილი, რომ აქ საქმე გვაქვს კვალიფიციურ კარტელურ შეთანხმებასთან. რომელიმე ნავთობიმპორტიორმა გასცეს პასუხი კითხვას რატომ არის საცალო ბაზარზე ფასები ასეთი გაზრდილი და რას ერჩის მოსახლეობას. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამ ე.წ. "ქეისით" მიმართავს მომავალ კვირაში "კონკურენციის სააგენტოს" იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება. წინა მთავრობის პირობებში არ გვქონდა მსგავსი კანონმდებლობა და, შესაბამისად, მომწოდებლები მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. იღებდნენ თუ არა გარკვეული პირები აქედან ე.წ. "ატკატებს" ამის დადგენა უკვე გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ ჩვენთვის შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ნავთობიმპორტიორები ფაქტობრივად ძარცვავენ თითოეულ ჩვენთაგანს. "კონკურენციის სააგენტო" ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ამ საკითხზე. ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს ბოლომდე მიყვეს ამ საქმეს. "გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბაზარი გახდეს კონკურენტუნარიანი და აღარ არსებობდეს კარტელური გარიგებები, რაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს თითოეულ მოქალაქეს და ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას", - აცხადებს ნიკოლოზ მაღალდაძე.