მომავალ წელს მუსიკის თაყვანისმცემლებს დიდი ზეიმი ელით. ცნობილი ჯგუფები “Metallica”, “Black Sabbath” და “Slipknot” მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან.
“Slipknot”-ს ეს კონცერტები წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა. “Metallica” მას ალბომი ““Black Album”-ის გამოცემიდან ოცი წლის აღსანიშნავად აწყობს, “Black Sabbath”-ის წევრებს კი ერთგული თაყვანისმცემლებისათვის საჩუქრის მოწყობა აქვთ განზრახული.
გაერთიანებული “Black Sabbath” პირველ კონცერტს 2012 წლის 18 მაისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩაატარებს. 20 მაისს ლეგენდარული ჯგუფი სანკტ-პეტერბურგს ეწვევა.
რუსეთის შემდეგ მუსიკოსები საგასტროლო ტურნეს შემდეგ ქვეყნებში გააგრძელებენ: ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია და იტალია.
დღეისათვის ცნობილია რომ “Black Sabbath” ევროპის კონტინენტზე 15 კონცერტს გამართავს. ტურნე მომავალი წლის 24 ივნისს დასრულდება.
ოზი ოსბორნის ინფორმაციით, შესაძლებელია ევროპული გასტროლების დამთავრების შემდეგ ჯგუფი მსოფლიოს იმ ქვეყნებსაც ესტუმროს, სადაც ხანგრძლივი კარიერის დროს არასოდეს ყოფილა.
მომავალი წლის 9 ივნისს “Metallica” მონაწილეობას მიიღებს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ “Download”-ის ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალში. ამ კონცერტზე მუსიკოსები “Black Album”-ში შესულ ყველა კომპოზიციას ცოცხლად შეასრულებენ. ამ ღონისძიების შემდეგ მუსიკოსები კონცერტებს რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარებენ.
გუშინ ამერიკული მუსიკალური ტელეგადაცემა “Artisan News”-ის წამყვანებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზემოთდასახელებული ჯგუფების წარმომადგენლები ერთმანეთში მოლაპარაკებას აწარმოებენ. მათ სურთ, რომ მომავალი წლის ზაფხულში რამდენიმე ერთობლივი კონცერტი გამართონ.
მუსიკოსები საგასტროლო ტურნეს გრაფიკს გულდასმით სწავლობენ და ცდილობენ მათი გზები რომელიმე დღეს ერთად შეიყაროს.
ამერიკული მას-მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული რომ მომავალი წლის შემოდგომაზე სამივე ჯგუფმა ერთობლივი მუსიკალური ფესტივალი ჩაატაროს.