სამართლებრივად არანაირი ღირებულება არ აქვს, რას მოაწერს ხელს აუღიარებელი საქართველოს ერთ-ერთი ნაწილი რუსეთის ფედერაციასთან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ტელეიმედის" ეთერში, გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო კუთხით დეფაქტო შექმნილი ვითარება თვისობრივად არ იცვლება და არ იზრდება სამხედო ძალები. "საფრთხე, რომელიც არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არ გაიზრდება, არამედ რჩება იგივე. აქ არის სხვა რამეზე საუბარი, ეს არის დასაწყისი იმ დიდი გეგმის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში, რომ დაიწყოს ანექსიის პროცესი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. ბუნებრივია, რაღაც ეტაპზე დააყენებენ ამ საკითხს, რომ თქვენ, თუ გინდათ ამ პროცესის შენელება მოხდეს რუსეთის მხრიდან, მაშინ უნდა გაკეთდეს არჩევანი - ან საქართველოს დამოუკიდებლობა, დემოკრატიული განვითარება ან რუსეთთან გასაღების ძებნა ამ კონფლიქტების გადაწყვეტის, რომელიც, ბუნებრივია, არასდროს იქნება", - აღნიშნა ალასანიამ.
მინისტრის თქმით, მომავალში ტერიტორიების დაბრუნების გზა არ არის სამხედრო გზა. "ეს არის გზა, რომ საქართველოს ძირითადი ნაწილი განვითარდეს, გახდეს ძლიერი, ეკონომიკურად ღონიერი და გახდეს ევროპის და ნატოს ნაწილი. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ზეწოლა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენ ერთად მოვახდენთ, იქნება ის, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყება. საქართველო უახლოვდება იმ პრინციპულ საკითხს, რომლის ირგვლივაც ყველა უნდა შევიკრიბოთ - პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტი და საზოგადოების ძირითადი ნაწილი, რომ ამ გამოწვევას, რომელიც დღეს გვიდგას წინ, ერთობლივად, ერთსულოვნად, ერთ მუშტად შეკრული შევხვდეთ. მე არ ვსაუბრობ იმ ძალებზე, რომელთა ღირსებაც განისაზღვრება რუსული რუბლით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.