ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთობლივი წვრთნების ჩატარება მზარდი რუსული აგრესიის კიდევ ერთი შემაკავებელი ფაქტორი იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "ქრონიკაში" საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს პაკეტი რამდენიმე ელემენტს ითვალისწინებს. "ერთ-ერთი ძირითადი არის ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ეს იქნება ერთობლივი ცენტრი, მაგრამ იქნება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინფრასტრუქტურა, სადაც როგორც ნატოს წევრი, ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან წვრთნებს. ასევე, მოხდება შეფასება ანუ სერტიფიცირება. გარდა ამისა, იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომლის შექმნაშიც საქართველოს ნატოს წევრი ქვეყნები დაეხმარებიან, რომელიც ხელს შეუწყობს საწვრთნელად ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეების განთავსებას და მათ გასვლას საქართველოდან", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მიღებულია ასევე გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან წვრთნებს და ამას რეგულარული ხასიათი ექნება. "უკვე რეგულარულად დაიგეგმება საქართველოში როგორც საზღვაო გემების შემოსვლა და სხვა დიდი, ძლიერი, ნატოს წევრი ქვეყნები განახორციელებენ ქართველებთან ერთად წვრთნებს და ეს იქნება კიდევ ერთი შემაკავებელი ფაქტორი იმ მზარდი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს თვალწინ გადაიშალა ბოლო პერიოდში", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ალასანიას თქმით, ასევე ჩამოყალიბდება ინსტიტუციური განვითარების სკოლა და საქართველოს სამხედრო სტრუქტურებში ჩამოყალიბებული გამოცდილება იქნება გაზიარებული სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის. მინისტრის განცხადებით, პაკეტის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან მაღალი სამხედრო თანამდებობის პირები, რომლებიც მოვლინებული იქნებიან საქართველოში და გაუწევენ კონტროლს პაკეტის განხორციელებას.
მინისტრი ვარაუდობს, რომ პაკეტის შესაბამისად სამხედრო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურის განთავსება საქართველოში მომავალი წლიდან დაიწყება.