რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების პროექტს "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" პერსპექტივა არ გააჩნია. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს აფხაზეთის პარტია "ამცახარას" პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა.
"ასეთი სახის დოკუმენტს ვერავინ დაეთანხმება, რადგან მასში ისეთი წინადადებებია, რომლებიც სერიოზულად ზღუდავს საუკუნეების განმავლობაში აფხაზი ხალხის მიერ ტანჯვით მოპოვებულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას", - განაცხადეს პოლიტსაბჭოში, რომლის სხდომაც დღეს გაიმართა.
პარტიის განცხადებით, ამავე აზრზე არიან პარლამენტარები, პარტიები და რიგითი მოქალაქეები. "ამცახარას" განცხადებით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობაში იქნება აფხაზეთის სუვერენიტეტის დარღვევის გარეშე შეთანხმება და სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება.
"ამცახარას" პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს აუცილებლობა ახალი შეთანხმების დადებისა და მით უფრო, მისი ხელმოწერის ვადების ფორსირების. "იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კონსენსუსი ვერ შედგება, პოლიტიკური პარტია "ამცახარა" იტოვებს უფლებას, მიმართოს ხალხს მოთხოვნით, ჩატარდეს საერთო-სახალხო შეკრება", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.