აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდ Mount Whitney-ზე, რომელიც ბათუმის ნავსადგურშია გაჩერებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლებს. ხომალდზე იმყოფებიან აშშ-ის ელჩი და Mount Whitney-ის კაპიტანი მარკ კოლომბო. მათ უკვე მიიღეს აჭარის მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ელოდება ხომალდზე დაგეგმილ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
"ჩვენ ველოდებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მობრძანებას, რომელიც დაესწრება აშშ-ის ხომალდ Mount Whitney-ის გემბანზე დაგეგმილ მიღებას. ჩემთან ერთად არის ხომალდის კაპიტანი მარკ კოლომბო. ხომალდის ვიზიტი საქართველოს წყლებში არის სიმბოლო პარტნიორობისა აშშ-ისა და საქართველოს შორის", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე განმარტებით, ხომალდს განსაკუთრებული როლი მიუძღვის 2008 წლის ომის დროს, როცა აღნიშნული ხომალდით საქართველომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღო.
ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდი Mount Whitney ბათუმის ნავსადგურში 14 ოქტომბერს შევიდა. ხომალდზე საქართველოს სანაპიროს დაცვის თანამშრომლებისთვის წვრთნები გაიმართა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში მოეწყო კულტურული და სპორტული ღონისძიებები.